Disable Preloader

ბლოგი

უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან - ჰალითოზი

14 იანვარი 2022

პირის ღრუს უსიამოვნო სუნი - ჰალითოზი

პირის ღრუში უსიამოვნო სუნი, იგივე ჰალითოზი, ყველა ადამიანში იწვევს დისკომფორტს და ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ევროპის მოწინავე ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების 50%-ს აქვს ან ოდესმე ჰქონია ცუდი სუნი პირის ღრუდან. უსიამოვნო სუნის გასაქრობად არაერთი საშუალება არსებობს, როგორებიცაა - საღეჭი რეზინი, პირის ღრუს სავლები, სპრეი და ა.შ. თუმცა ყველა ეს პროდუქტი არა პრობლემის გამომწვევ მიზეზთან ბრძოლის, არამედ სიმპტომის დროებით შეჩერების საშუალებაა.

არასასიამოვნო სუნი განსხვავებულია იმის მიხედვით თუ რა მიზეზი განაპირობებს დაავადების პროვოცირებას. ჰალითოზის მქონე ადამიანი შესაძლოა საერთოდ ვერ გრძნობდეს მას ან პირიქით, შესაძლოა ძალიან შემაწუხებელი იყოს როგორც მისთვის, ასევე გარშემომყოფთათვის. 

რა იწვევს ჰალითოზს?

უსიამოვნო სუნის გამომწვევ მიზეზებამდე აუცილებელია ჯერ მისი წარმოშობის მექანიზმს გავეცნოთ. სუნის მიზეზი ერთმნიშვნელოვნად პირის ღრუს ბინადარი ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტებია. პირის ღრუში უამრავი ბაქტერია ბინადრობს. ნოტიო გარემო იდეალურია მათთვის. როცა სითბოსა და სინოტივეს საკვების ნარჩენებიც ემატება, ბაქტერიები მრავლდებიან, ნარჩენების დაშლას იწყებენ და უსიამოვნო სუნის მქონე პროდუქტებს წარმოქმნიან. ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ის მიზეზი, რომელმაც შეიძლება ჰალითოზის განვითარებას შეუწყოს ხელი :

  • საკვები ნარჩენების კბილებს შორის დატოვება იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და შედეგად წარმოქმნის არასასიამოვნო სუნს.
  • გარკვეული საკვების მიღება, როგორიცაა - ხახვი, ნიორი და სანელებლები.
  • თამბაქო. იწვევს პირის ღრუს არასასიამოვნო სუნს, გარდა ამისა მეტია ღრძილების დაავადების ალბათობა, რაც თავის მხრივ ჰალითოზის გამომწვევი მიზეზია.
  • პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა. თუ ადამიანი სათანადოდ არ იხეხავს კბილებს და არ ისუფთავებს მათ კბილების საწმენდი ძაფით, საკვების ნარჩენები პირის ღრუში რჩება და უსიამოვნო სუნს აჩენს. ბაქტერიები უფერულ წებოვან ფირფიტად ეკვრიან კბილებს და თუ დროულად არ მოდხა მათი მოცილება, შესაძლოა ღრძილები გაღიზიანდეს  და მათი ანთება – გინგივიტი განვითარდეს, საბოლოოდ კი პაროდონტიტი ჩამოყალიბდეს. ამ დროს კბილებსა და ღრძილებს შორის არსებული ჯიბეები ბაქტერიების საცობით ივსება. ენის ხაოიანი ზედაპირიც შეიძლება იქცეს ბაქტერიების გამრავლების ადგილად. ამასთან ერთად, შესაძლოა საკვების ნაწილაკები და ბაქტერიები მოხვდნენ პროთეზშიც, რომელიც რეგულარულად არ იწმინდება და იდეალურად არ ერგება პირის ღრუს.
  • პირის სიმშრალე - ნერწყვს  პირის ღრუში აქვს დამცველობითი და ბარიერული ფუნქცია, იგი აშორებს საკვების ნარჩენებსა და ბაქტერიებს, რომლებიც უსიამოვნო სუნს აჩენს. პირის სიმშრალემ, იგივე  ქსეროსტომიამ, ასევე შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან. ის ხშირია დილაობით, განსაკუთრებით – პირღია ძილის დროს. პირის ქრონიკული სიმშრალის გამოწვევა ასევე შეუძლია ზოგიერთ მედიკამენტს და სანერწყვე ჯირკვლების დაავადებას.
  • პირის ღრუს ინფექციები - არასასიამოვნო სუნი შესაძლოა გამოწვეული იყოს პირის ღრუში ქირურგიული ჩარევის შედეგად არსებულ ჭრილობებში შეჭრილი ინფეცქიით.
  • კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და სანაღვლე გზების დაავადებები, როგორიცაა - გასტრიტი, დუოდენიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის კენჭოვანი დაავადებები და ა.შ.
  • ყელ ყურ ცხვირის სხვა პრობლემები - ინფექციები და ქრონიკული ანთებითი პროცესები ცხვირში, სინუსებსა და ყელში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩანადენი პირში და ასევე არასასიამოვნო სუნი.
  • სხვა მიზეზები - ზოგიერთი სიმსივნე, მეტაბოლური დარღვევები შესაძლოა გახდეს არასასიამოვნო სუნის გამომწვევი მიზეზი, რადგან აღნიშნული დაავადებების გამო ხდება გარკვეული ქიმიური ნივთიერებების წარმოქმნა ორგანიზმში, ასევე კუჭში მჟავიანობის მომატება.

როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სუნი

აუცილებელია კბილების დღეში ორჯერ გახეხვა. Გამოიყენეთ საწმენდი ძაფები ყოველდღიურად, დარწმუნდით, რომ კბილებს შორისს არსებული  ცარიელი სივრცეები მუდმივად სუფთაა. Ასევე მიზანშეწონილია პირის ღრუს ანტიმიკრობული სავლები საშუალების პერმანენტული გამოყენება. ენის გახეხვა კბილის ჯაგრისით ან ენის საფხეკის საშუალებით ასევე დაგეხმარებათ ბაქტერიების მოცილებაში. დალიეთ ბევრი წყალი და შეინარჩუნეთ პირის ღრუს ტენიანობა. Საუკეთესო შემთხვევაში დაანებეთ თავი  Თამბაქოს მოხმარებას.Ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პირის ღრუს უსიამოვნო სუნი:

  • ყოველდღიურად გაწმინდეთ პროთეზი, ბრეკეტები და კაპები.
  • შეცვალეთ ძველი კბილის ჯაგრისი ახლით ყოველ 3 თვეში ერთხელ.
  • ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს კბილების პროფესიონალური წმენდისთვის. 

როდის უნდა მივმართოთ ექიმს? 

არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში შესაძლოა იყოს ჰიგიენის წესების არასწორად დაცვით გამოწვეული, ამ  დროს პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კბილების ხშირად ხეხვით, სპეციალური კბილის საწმენდი ძაფის გამოყენებით და დიდი რაოდენობით წყლის დალევით. თუმცა თუ პირის ღრუს პრობლემა ამ შემთხვევაშიც არ მოგვარდება უმჯობესია მიმართოთ სტომატოლოგს.  თუ სტომატოლოგმა პრობლემას პირის ღრუში მიაგნო, წესით, მისი მკურნალობის შემდეგ უსიამოვნო სუნიც უნდა გაქრეს, მაგრამ თუ ექიმს მიაჩნია, რომ პრობლემის სათავე არ უკავშირდება პირის ღრუს ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმის ან თერაპევტის კონსულტაცია იქნება მართებული.