Disable Preloader

ბლოგი

პაროდონტოლოგია

18 ნოემბერი 2021

რა არის პაროდონტოლოგია და პაროდონტიტი?

პაროდონტოლოგია სტომატოლოგიის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც შეისწავლის ღრძილების სხვადასხვა  დაავადებებს და პასუხისმგებელია თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. პაროდონტი ქსოვილთა ერთობლიობაა. მისი შემადგენელი ნაწილებია: ღრძილი, ალვეოლური ძვალი, კბილის ფესვის ზედაპირის მფარავი დუღაბი და პერიოდონტი, რომელიც დუღაბს მის ირგვლივ არსებულ ძვალთან აკავშირებს. პაროდონტი აერთიანებს კბილის ირგვლივ არსებულ რბილ და მაგარ ქსოვილებს, და განაპირობებს როგორც პირის ღრუს ჯამნრთელობას, ასევე კბილის სიმყარეს ყბის ძვალში.  

პაროდონტოლოგიურ სტატუსს უფრო მეტის თქმა შეუძლია ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, ვიდრე მხოლოდ ის, თუ რა ხდება პირის ღრუში. კბილებზე დაგროვებულმა ნადებმა შეიძლება ბევრი სისტემური დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს მაგ: დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვა.

რაც შეეხება პაროდონტიტს -  პაროდონტიტი კბილის ირგვლივ არსებული ქსოვილების ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს კბილების დაკარგვა. პაროდონტის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ყოველი 10-დან 8 ადამიანი, 35 წელს ზემოთ აღნიშნავს გარკვეული სახის ჩივილებს ღრძილებთან დაკავშირებით. პაროდონტის სხვადასხვა სახის დაავადება არსებობს, თუმცა მათი უმრავლესობა გამოწვეულია პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიული ნადებით (ბიოაპკით). ასეთი პათოგენური ბაქტერიების გამრავლების შედეგად ვითარდება ღრძილების ანთება, რასაც მოსდევს კბილების მორყევა ყბის ძვალში, ძვლის განლევა და საბოლოოდ კბილების დაკარგვა.

როგორ ვითარდება პაროდონტიტი?

კბილის ზედაპირსა და ღრძილების მიდამოებში ნადების დაგროვების შედეგად სწრაფად მრავლდებიან პათოგენური (დაავადების გამომწვევი) ბაქტერიები, რის შედეგადაც ვითარდება გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტთან არ ჩატარდა ანთების საწინააღმდეგო, სათანადო მკურნალობა, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმა შრეებში, კბილის ფესვის ზედაპირზე და ვითარდება პაროდონტიტის დაავადება. ნადების გარდა, პაროდონტიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

• დაქვეითებული იმუნიტეტი
• გენეტიკური ფაქტორი
• თამბაქოს ხშირი მოხმარება
• მედიკამენტოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტი
• სტრესი
• არასწორი კვება

რაც შეეხება პაროდონტიტის სიპმტომებს, ისინი მრავალფეროვნებით ხასიათდება და ძირითადად ვლინდება ღრძილებიდან სისხლდენაში. ამასთან ერთად პაროდონტიტს ახასიათებს , ვიზუალური და ჰიგიენური დისკომფორტი  რაც გულისხმობს ზომაში მომატებული წითელი ფერის ღრძილებსა და უსიამოვნო სუნი პირს ღრუში.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ პაროდონტოლოგს?

ღრძილებიდან სისხლდენა ხშირად პაციენტების მხრიდან იგნორირებულია, რამაც შეიძლება მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს. პაროდონტის ანთებითი დაავადებების (გინგივიტი და პაროდონტიტი) განვითარება ღრძილებიდან იწყება. იგი მოიცავს კბილის ირგვლივ არსებულ ყველა ქსოვილს. გინგივიტის დროს შეიძლება შენიშნოთ მხოლოდ ღრძილების მსუბუქი შეწითლება, მცირე სისხლდენა და უსიამოვნო გემო. ეს ეტაპი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ ესაა პაროდონტის დაავადების განვითარების პირველი საფეხური და მხოლოდ ამ სტადიაშია პროცესი შექცევადი, ანუ სრული განკურნებაა შესაძლებელი. სათანადო მკურნალობის გარეშე გინგივიტი გადაიზრდება პაროდონტიტში - როცა ანთებითი პროცესი უკვე ძვალზეა გავრცელებული.  მკურნალობით პროცესის აგრესიული მიმდინარეობის შეჩერება შესაძლებელია, თუმცა საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, რათა არ განახლდეს და არ განაგრძოს პროგრესირება. მკურნალობის გარეშე პაროდონტის ანთებითი დაავადების გვიანდელ სტადიაზე კბილები იმდენად ირყევა, რომ მათი შენარჩუნება შეუძლებელია. შედეგად ხშირად სრულიად ჯანსაღი კბილები იკარგება.

პაროდონტიტის მკურნალობა

უმეტეს შემთხვევებში პაროდონტიტის მკურნალობა წარმატებით ხორციელდება. პაროდონტიტის მკურნალობა ყოველთვის იწყება კონსერვატიულ (ნადების მოშორება)  მეთოდებით და იმ შემთხვებში როდესაც კონსერვატიულ მკურნალობა არ არის საკმარისი მიმართავენ მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებს. კონსერვატიული მკურნალობა იწყება კბილების ღრძილის ზედა და ღრძილის ქვეშა ნადებების მოშორებით. წმენდის შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს მაპროვოცირებელი ფაქტორების მოშორება, როგორებიც არის: კარიესული ღრუები, ბჟენებისა და ხელოვნური გვირგვინების დეფექტები. ჩვენებების მიხედვით ხდება მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა  და პაციენტის აყვანა დისპანსერულ დაკვირვებაზე.

პაროდონტიტის პრევენციის გზები

ღრძილების ანთებითი პროცესის თავიდან აცილებისათვის საუკეთესო გზა, ზოგადი  ჰიგიენის დაცვა და მუდმივი კონტროლია. ყოველ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს, წმენდისა და გეგმიური დაკვირვებისათვის. რეგულარული დაკვირვება კი იმის გარანტია, რომ თქვენი ღიმილი მუდამ მომხიბვლელი იქნება.