ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკამ თერაპიის სარეზიდენტო პროგრამის ღია კარის დღეს უმასპინძლა
29 დეკემბერი 2025
28 დეკემბერს, ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში თერაპიული სტომატოლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მომავალი რეზიდენტებისთვის იმ გარემოსა და სტანდარტების გაცნობას, რომელიც მათ კარიერული განვითარების გზაზე დახვდებათ.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ კლინიკის დამფუძნებელს და კლინიკურ მენეჯერს, კახაბერ ხარებავას. მან დეტალურად ისაუბრა კლინიკის ფილოსოფიაზე, სადაც პაციენტზე ზრუნვა და თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ბატონმა კახაბერმა ხაზი გაუსვა იმ პროფესიულ შესაძლებლობებს, რომლებსაც კლინიკა რეზიდენტებს სთავაზობს - საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუშაობის პროცესი და მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისკენ.
თერაპიის სარეზიდენტო პროგრამას გაუძღვება დარგის აღიარებული პროფესიონალი, ჯანდაცვის დოქტორი და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგი - ლია მანია. ქალბატონი ლია, საკუთარი მრავალწლიანი აკადემიური და კლინიკური გამოცდილებით, რეზიდენტებს თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და რთული კლინიკური შემთხვევების მართვაში დაეხმარება.
ღონისძიების ფარგლებში მოხსენებით წარდგა კლინიკის დირექტორი, ქალბატონი ქეთევან ასანიძე. მან ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის ორგანიზებულობაზე, პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელობასა და გუნდურ კულტურაზე. მისი თქმით, კლინიკა არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი - ეს არის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც თითოეული რეზიდენტი ინდივიდუალურ მხარდაჭერას იღებს.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს გამოჩენილი ინტერესისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კარი გავუღოთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ირჩევენ ხარისხიან განათლებას და სურთ გახდნენ გამორჩეული პროფესიონალები სტომატოლოგიის სფეროში.