16 დეკემბერი 2025
13 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“, საქართველოს სპორტული სტომატოლოგიის ასოციაციის (GA4SD) ორგანიზებით და „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკის“ მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია - „სტომატოლოგია მულტიდისციპლინარულ ჭრილში“.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა მსოფლიოს წამყვანი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სპეციალისტები:
Dr. აბდულმაჯიდ ოქშაჰი,
Dr. სტავროს ავგერინოსი,
Dr. ინესა ბარადინა,
Dr. მანუელ ხიმენესი
Dr. დებორა ჰელერი.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ თანამედროვე, ინოვაციური და კვლევებზე დაფუძნებული მიდგომები სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ცოდნის გაზიარება გნათოლოგიისა და ორთოპედიული რეაბილიტაციის სფეროში. განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა სტომატოლოგია მულტიპროფილურ ჭრილში, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციები, ოკლუზია და ორთოპედიული რეაბილიტაცია, პირის ღრუს რესტავრაციებისა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ურთიერთკავშირი, ასევე ნერწყვის ბიომარკერების გამოყენება სპორტსა და ყოველდღიურ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.
პროექტის ხელმძღვანელია GA4SD-ის პრეზიდენტი დავით დავითაძე, ხოლო ინიციატივის ავტორები და დამფუძნებლები არიან ნიკოლოზ ხარებავა და ვაჩე ბინიაშვილი.