კარიესის გამომწვევი მიზეზები და მისი მკურნალობა
15 თებერვალი 2022
XXI საუკუნის ყველაზე გავრცელებული დაავადება პირდაპირ კავშირშია კბილებთან. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობას, დაახლოებით 95%-ს უჩნდება კარიესი.
ალბათ, გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ წინა ისტორიულ ეპოქებში, მედიცინის და ჰიგიენის განვითარების გაცილებით დაბალი დონის მიუხედავად, ადამიანები კარიესით შედარებით ნაკლებად იტანჯებოდნენ. ყველაფერი მე-18 საუკუნეში შეიცვალა, როდესაც ხალხმა ჭარხლისგან რაფინირებული შაქრის მიღება ისწავლა. „შაქრის ბუმთან“ ერთად, კარიესის ნამდვილი ეპიდემია გაჩნდა, რომელიც დღემდე გრძელდება.
რა არის კარიესი?
კბილის კარიესი არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილის ამოჭრის შემდეგ. კარიესის დროს მიმდინარეობს კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაცია და დარბილების შემდგომ ღრუს წარმოქმა.ადამიანის პირის ღრუში ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმია, რომლებიც ძალიან სწრაფად მრავლდებიან. კარიესის მიზეზი კბილის მაგარ ქსოვილებზე არსებული მიკროორგანიზმებია. ბაქტერიები, რომლებიც პირის ღრუში ცხოვრობენ - სტრეპტოკოკები, ლაქტობცილები და აქტინომიცეტები. როგორც წესი, ისინი დაბადებიდან, დედიდან „მემკვიდრეობით“ გადაეცემა ბავშვს და მათი მოშორება შეუძლებელია. კბილების გახეხვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ბაქტერიების რიცხვი შეიძლება მილიონამდე გაიზარდოს. სტრეპტოკოკები გადაამუშავებენ ნახშირწყლებს, რომლებიც საკვებიდან მიიღება და სანაცვლოდ გამოყოფენ მჟავებს, რომლებიც აზიანებს კბილებს. ამ პროცესზე განსაკუთრებით საქაროზა მოქმედებს, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. ნებისმიერი კარიესი იწყება იმით, რომ პირში იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი პირობები.
კბილის კარიესის განვითარების ფაქტორები:
- კვება - კარიესის წარმოქმნაში დიდი მნიშველობა აქვს კვების ხასიათს. მრავალრიცხოვანი კლინიკური და ექსპერიმენტული გამოკლვლევებით დადგენილია, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება ზრდის კარიესის განვითარების რისკს.
- გადატანილი დაავადებები - კბილის მინანქარი არის მაღალმინერალიზებული ქსოვილი, გადატანილი დაავადებები რომლებიც იწვევენ ნერწყვის შემადგენლობის ხარისხობრივ და რაოდენობრივ ცვლილებს ირიბად მოქმედებენ დემინერალიზაციის პროცესზე და შესაბამისად იწვევენ კარიესს.
- მიკროორგანიზმების მნიშვნელობა - კბილის მინანქრის ზედაპირთან მიკროორგანიზმებისა და ნახშირწყლების კონტაქტის გარეშე კარიესი არ წარმოიქმნება. ბაქტერიების სიმრავლე კარიესის გამომწვევი ერთ-ერთი პირდაპირი მიზეზია.
- კბილის ქსოვილების გარე ფაქტორების ზემოქმედება - ცნობილია, რომ სხივური თერაპიის შეეგად, განსაკუთრებით თავის და კისრის მიდამოში, 6-8 თვის შემდეგ ჩნდება კბილების დაზიანების ნიშნები თეთრი ლაქების სახით, შემდეგ კი ყალიბდება კარიესული ღრუები.
- კბილის ნადები - ესაა ბაქტერიების გროვა, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან კბილის ზედაპირს და განსაზღვრულ პირობებში გარკვეულ უბანზე შეუძლიათ შექმნან მინანქრის დემინერალიზაციისათვის საკმარისი მჟავე გარემო. კბილის ნადები არის გამჭვირვალე, რბილი, წბოვანი მასალა, რომელიც თითქმის მთლიანად შედგება ბაქტერიებისა და მათი ცხოველქმედების პროდუქტებისგან. მას აქვს მიმაგრების ამორჩეული ადგილები, რაც განსაზღვრავს კარიესული დაზიანების ლოკალიზციას.
- ნერწყვის დაცვითი მნიშვნელობა - ნერწყვის საშუალებით ორგანიზმი ახდენს პირის ღრუში არსებული მიკროორგანიზმების კონტროლს.პირის ღრუს ნორმალუი ფლორა იცავს გარედან მოხვედრილი მრავალი პათოლოგიური მიკროორგანიზმებისგან. შესაბამისად ნერწყვის ჯანსაღ შემადგენლობაში (ორგანიზმში განვითარებული გარკვეული დაავადებებების ფონზე) ნებისმიერი ცვლილება, შეიძლება გახდეს კარიესის განვითარების წინაპირობა.
კარიესის სტადიები
არსებობს კარიესის სხვადასხვა სტადია: ლაქის სტადია, კარიესის განვითარების ყველაზე ადრეული სტადიაა, რომელიც მკურნალობას მარტივად ექვემდებარება. კბილის მინანქარი ზოგ ნაწილში რბილი ხდება და მასზე ჩნდება პიგმენტური ლაქა. პირველი სტადიის დროს, კბილის მინანქარში კალციუმის, ფოსფორის, ფტორის და სხვა მიკროელემენტების შემცველობა მცირდება. ზედაპირული კარიესის სტადიის დროს, დესტრუქციული პროცესები მხოლოდ მინანქარში მიმდინარეობს. საშუალო კარიესის შემთხვევაში, კბილის დაზიანება შედარებით ღრმაა, თუმცა არ ეხება ფესვს. ღრმა კარიესის დროს, ფესვამდე კბილის საღი ქსოვილის ძალიან თხელი ფენაღაა დარჩენილი.
კარიესის პროფილაქტიკა
კბილის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კარიესის პროფილაქტიკას. პროფილაქტიკა გულისხმობს კარიესის გამომწვევი ფაქტორების მოცილებას და კბილის ქსოვილის მდგრადობის გაზრდას.საპროფილაქტიკო ღონისძიებები მოიცავსორგანიზმის გამოჯანმრთელებას, სწორი კვების რეჟიმის დაცვას, პირის ღრუს ჰიგიენას, ნერწყვის გამოყოფის ნორმალიზებას, ყბა-კბილთა ანომალიების და დეფორმაციების მოშორებას, კბილის ბუნებრივი ფისურების (ჩანაჭდევების) ჰერმეტიზაციას.
- პირველი წესი, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა. კბილის ნადების მოსაშორებლად, კბილები დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა გაიხეხოთ. არ დაგავიწყდეთ ენის გაწმენდაც და სავლები სითხის გამოყენება. გამოიყენეთ კბილის ძაფი, კბილებს შორის დარჩენილი საჭმლის ნარჩენების მოსაშორებლად.
- მეორე წესი სწორი კვებაა. შეამცირეთ რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა და განსაკუთრებით შაქარი, გაზიანი სასმელები და კანფეტები. ყავა ორგანიზმიდან გამოდევნის კალციუმს და ცვლის კბილის ემალის ფერს.
- მესამე წესი ფტორის შემცველი საშუალებების გამოყენებაა.ფტორი ამაგრებს კბილის ემალს.
- მეოთხე წესი კი სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტია, პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის. გაიარეთ კბილების პროფესიონალური გაწმენდის პროცედურა, რომელიც მოიცავს ნადების და ქვების ეფექტურ მოცილებას. ასევე, კბილების სპეციალური პრეპარატებით დაფარვას, რომელიც შეიცავს ფტორს და კალციუმს.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ - სტანდარტების უმაღლესი დაცვით მუშაობს და სტომატოლოგიური მკურნალობის დასაწყისიდან ბოლომდე უზრუნველყოფს მკურნალობის მაღალ ხარისხს. გახსოვდეთ, კარიესის პროფილაქტიკა სხვა მრავალი დაავადების პროფილაქტიკას და პრევენციასაც მოიცავს და ზოგადი ჯანმრთელობის საწინდარია.