პირის ღრუს ჯანმრთელობა ორსულობის დროს
13 ივნისი 2024
ორსულობა ქალისთვის ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია. ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე ნაყოფის განვითარებასთან ერთად, ქალის ორგანიზმიც დიდ ცვლილებებს განიცდის. მუცლადმყოფი ბავშვის კვება მთლიანად დედის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ნაყოფი, ზრდის პროცესში, იღებს დედის სხეულიდან ყველა საჭირო მიკროელემენტებსა და ვიტამინებს. სწორედ ეს ელემენტები უზრუნველყოფენ კბილის მინანქრის სიმტკიცეს და კარიესის მიმართ მდგრადობას. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ორსული ქალის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებიც გავლენას ახდენს მისი პირის ღრუს ჯანმრთელობაზე. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჰორმონების რაოდენობა იზრდება კბილ-ღრძილოვან ღარშიც, რაც ბაქტერიების ინტენსიურ გამრავლებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მთელი ორსულობის მანძილზე, მომავალმა დედებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს ჯანმრთელობას და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის გართულება. მომავალმა დედამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირის ღრუს მოვლის ყოველდღიურ ჩვევებს. არასათანადოდ გაწმენდილი კბილები და მრავლობითი კარიესული დეფექტები პირის ღრუში, საკვები ნარჩენების დაგროვებისთვის იდეალური გარემოა, ეს კი ბაქტერიების გამრავლებას უწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ახალი კარიესისა და ღრძილების ანთების განვითარების წინაპირობაა.
პირის ღრუს რომელი დაავადებები მძაფრდება ორსულობის პერიოდში?
ორსულ ქალებში ყველაზე გავრცელებულია პაროდონტოლოგიური დაავადებები და კარიესი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო, მომავალი დედები ხშირად უჩივიან სისხლდენას ღრძილებიდან და უსიამოვნო სუნს პირის ღრუში, რაც დამახასიათებელია ღრძილების ანთებისთვის. ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვე) ხშირი პირღებინება ნერწყვის მჟავიანობის გაზრდას იწვევს. მჟავე გარემო მიკროორგანიზმების სწრაფი გამრავლებისთვის იდეალურია, რაც თავის მხრივ კარიესის ახალი კერებიც გაჩენას იწვევს.
მიზანშეწონილია თუ არა ორსულობის პერიოდში სტომატოლოგთან ვიზიტი?
საზოგადოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ორსულობის პერიოდში არ შეიძლება სტომატოლოგთან ვიზიტი, მცდარია. ამ გავრცელებული შეხედულების გამო, ორსულები ხშირად ერიდებიან სტომატოლოგთან მისვლას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. მომავალმა დედებმა აუცილებლად უნდა მიმართონ პროფესიონალს კონსულტაციისათვის. უმჯობესია, სტომატოლოგთან ვიზიტი დაიგეგმოს სამივე ტრიმესტრის დროს. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ მომავალ დედებს დახვდებათ მათ საჭიროებებზე მორგებული, კომფორტული გარემო. ხოლო ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი, ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე, შეაფასებს მდგომარეობას, მოგაწვდით სანდო ინფორმაციას და დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ დაავადებები (კარიესი, გინგივიტი, პარადონტიტი).
მიზანშეწონილია თუ არა კბილის ამოღება და კარიესის მკურნალობა ორსულობის დროს?
ორსულობის დროს კბილების მკურნალობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ორსულობის მეორე ტრიმესტრია (3-დან 6-თვემდე). იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ჩივილები აღენიშნება პირველ ან მესამე ტრიმესტრში და მისი გამოკვლევა ხდება განსაკუთრებული სიფრთხილით. ექიმი სტომატოლოგი, გინეკოლოგთან შეთანხმებით, ადგენს მკურნალობის გეგმასა და დასანიშნი პრეპარატების ნუსხას.
მეძუძური დედა და კბილები
შესაძლოა, კბილებმა მთელი ორსულობის მანძილზე ერთხელაც არ შეგახსენოთ თავი. ხოლო ლაქტაციის დროს შეგექმნათ პრობლემები მომატებული მგრძნობელობის, ღრძილების ანთების ან კარიესის სახით. ეს იმიტომ ხდება, რომ ძუძუთი კვების დროს, დედა რძესთან ერთად, კარგავს ორგანიზმისთვის საჭირო მინერალებს და მას გადასცემს ახალშობილს. ლაქტაციის პერიოდში დედის საკვებ რაციონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ორსულობის დროს თუ მის შემდეგ, საკვები გაჯერებული უნდა იყოს კალციუმით, ფტორით, სხვა მიკროელემენტებით, მინერალებით და ვიტამინებით ( „A“ ვიტანიმი, „C“ ვიტამინი და „D“ ვიტამინი). ნებისმიერი მედიკამენტის მიღება გამომდინარეობს ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ისინი აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმ-გინეკოლოგის მითითებით. გაითვალისწინეთ, რომ კალციუმით მდიდარია რძე და რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი და ბოლოკი.
მომავალმა დედამ უნდა იცოდეს:
მომავალი პატარას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო დედის, არამედ მამის პირის ღრუს ჰიგიენასაც. შესაძლებელია, მამამ ახლო კონტაქტის დროს, პატარას გადასცეს ბაქტერიები. გაითვალისწინეთ, რომ დედის არაჯანმრთელი პირის ღრუ ნაყოფსაც ვნებს. პათოგენური მიკროორგანიზმები, თქვენი ორგანიზმის გავლით, მარტივად აღწევს ჩანასახის ორგანიზმში.
პირის ღრუს ჰიგიენა მომავალი დედებისთვის:
- კბილები გამოიხეხეთ ყოველი ჭამის შემდეგ 2-3 წუთის განმავლობაში;
- გამოიყენეთ პირის ღრუს ჰიგიენის ისეთი საშუალებები, რომლებიც შეიცავს ფტორს;
- კბილის ჯაგრისი გამოცვალეთ 3 თვეში ერთხელ.
“ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა” თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის გირჩევთ, არ გამოტოვოთ პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.