ბლოგი

ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე. დეტალების დაზუსტების მიზნით, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ.

კბილის მგრძნობელობა ცივზე ან ტკბილზე: როდის არის ეს ნორმალური და როდის არის პრობლემის ნიშანი?

12 ოქტომბერი 2026

ცივი წყლის დალევისას ან ტკბილეულის ჭამისას კბილში ხანმოკლე, უსიამოვნო ჩხვლეტა ბევრისთვის ნაცნობი შეგრძნებაა. ზოგჯერ ეს რეაქცია დროებითია და კონკრეტულ მიზეზს, მაგალითად, კბილების პროფესიულ წმენდას ან მინანქრის მცირე გაღიზიანებას უკავშირდება. თუმცა, თუ მგრძნობელობა ხშირად მეორდება, ძლიერდება ან ტკივილი სტიმულის მოცილების შემდეგაც გრძელდება, შესაძლოა მიზეზი უფრო სერიოზული იყოს.

 

რატომ ხდება კბილი მგრძნობიარე?

კბილის მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა) ძირითადად გამოწვეულია კბილის დამცავი შრის,  მინანქრის დაზიანებით ან ღრძილების რეცესიით. როდესაც მინანქარი თხელდება ან ცვდება, შიშვლდება მის ქვეშ არსებული დენტინი. დენტინი შეიცავს ათასობით მიკროსკოპულ მილაკს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება კბილის შიდა, ნერვებითა და სისხლძარღვებით მდიდარ ქსოვილს, პულპას. ამ დროს ცივი, ცხელი, ტკბილი ან მჟავე პროდუქტები, აგრეთვე ცივი ჰაერის ნაკადიც კი, აღწევს ამ მილაკებში, აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს ხანმოკლე, მაგრამ მკვეთრ და დისკომფორტულ ტკივილს.

 

 

რა შეიძლება იწვევდეს კბილის მგრძნობელობას?

კბილის მგრძნობელობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ის კბილის დამცავი ქსოვილების დაზიანებას უკავშირდება, ზოგჯერ კი ღრძილების მდგომარეობის ცვლილების ან კბილის შიდა ქსოვილებში მიმდინარე პროცესების შედეგია. ეს მიზეზები შეიძლება იყოს:

  • მინანქრის ცვეთა- დროთა განმავლობაში შესაძლოა დაზიანდეს ან გათხელდეს კბილების ზედმეტად ძლიერი ხეხვის, არასწორი ხეხვის ტექნიკისა და მჟავე პროდუქტების ხშირი მიღების შედეგად;
  • ღრძილების რეცესია- როდესაც ღრძილი იწევს და კბილის ფესვის ნაწილი შიშვლდება;
  • კარიესი- განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზიანება ფესვამდე აღწევს კბილი მეტად მგრძნობიარე ხდება;
  • კბილის ბზარი ან მექანიკური დაზიანება;
  • ძველი ან დაზიანებული ბჟენი- დროთა განმავლობაში ბჟენი შესაძლოა გაცვდეს, დაზიანდეს ან კბილის ქსოვილებთან მისი მჭიდრო კავშირი დაირღვეს.
  • კბილების გათეთრების შემდეგ დროებითი მგრძნობელობა- გათეთრების პროცედურის დროს გამოყენებულმა ნივთიერებებმა შესაძლოა დროებით გაზარდოს კბილების მგრძნობელობა.
  • ბრუქსიზმი- კბილების დაჭერა ან ღრჭენა, რამაც შესაძლოა მინანქრის ცვეთა გამოიწვიოს.

კბილის მგრძნობელობა დამოუკიდებელი დაავადება ყოველთვის არ არის. ხშირად ის სხვა სტომატოლოგიური პრობლემის სიმპტომია. ერთი და იგივე შეგრძნება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, ამიტომ მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. მიზეზის დასადგენად აუცილებელია სტომატოლოგიური გამოკვლევა, რომლის საფუძველზეც შეირჩევა შესაბამისი მკურნალობა.

 

 

როდის შეიძლება იყოს მგრძნობელობა დროებითი და ნორმალური?

კბილის მგრძნობელობა გარკვეულ შემთხვევებში დროებითი რეაქციაა და კონკრეტული პროცედურის ან გარეგანი ფაქტორის ზემოქმედებას უკავშირდება.

მაგალითად, კბილების პროფესიული წმენდის ან გათეთრების შემდეგ შესაძლოა დროებით გაიზარდოს მგრძნობელობა ცივი და ცხელი საკვების მიმართ. ეს გამოწვეულია კბილის ზედაპირისა და დენტინის დროებითი რეაქციით სხვადასხვა გამღიზიანებელზე. ასეთ შემთხვევებში დისკომფორტი, როგორც წესი, რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან მცირდება.

ასევე, ცივ ან ტკბილ პროდუქტზე ხანმოკლე რეაქცია, რომელიც გამღიზიანებლის მოცილებისთანავე ქრება, ყოველთვის სერიოზული დაზიანების ნიშანი არ არის.

თუმცა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს არა მხოლოდ მგრძნობელობის არსებობას, არამედ მის ინტენსივობას, სიხშირესა და ხანგრძლივობას. თუ დისკომფორტი არ მცირდება, ხშირად მეორდება ან ტკივილი გამღიზიანებლის მოცილების შემდეგაც გრძელდება, აუცილებელია სტომატოლოგთან კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს კარიესი, კბილის ბზარი ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობა.

 

 

როდის არის მგრძნობელობა პრობლემის ნიშანი?

მიუხედავად იმისა, რომ კბილის მგრძნობელობა ზოგჯერ დროებითი მოვლენაა, გარკვეული სიმპტომები შესაძლოა კბილის ან მის გარშემო არსებული ქსოვილების დაზიანებაზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან დროული ვიზიტი, რათა დადგინდეს დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი და თავიდან იქნას აცილებული პრობლემის პროგრესირება.

სტომატოლოგთან ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ:

  • მგრძნობელობა ხშირად მეორდება ან თანდათან ძლიერდება;
  • ტკივილი დიდხანს გრძელდება ცივი ან ტკბილი საკვების შემდეგ;
  • ცივზე ან ცხელზე რეაქცია ძალიან ძლიერი გახდა;
  • ღეჭვისას კონკრეტული კბილი გტკივათ;
  • შეამჩნიეთ კბილის ფერის ცვლილება, ბზარი ან დაზიანება;
  • ღრძილი სისხლმდენი, შეშუპებული ან დაწეულია.

განსაკუთრებით საყურადღებოა ხანგრძლივი ან სპონტანური ტკივილი, რადგან ის შესაძლოა კბილის პულპის, ანუ ნერვის დაზიანებაზე მიუთითებდეს. ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მგრძნობელობის საწინააღმდეგო პასტის გამოყენება პრობლემის მიზეზს ვერ მოაგვარებს.

 

 

როგორ შევამციროთ კბილის მგრძნობელობა?

თუ მგრძნობელობა მსუბუქია, ყოველდღიურ ჩვევებში რამდენიმე ცვლილება დაგეხმარებათ:

გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი და ნუ დააწვებით კბილებს ზედმეტად გახეხვისას. აგრესიულმა ხეხვამ შესაძლოა მინანქარი და ღრძილის კიდე დააზიანოს.

შეარჩიეთ მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა. ასეთი პასტები გარკვეულ შემთხვევებში ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას, თუმცა მათი ეფექტი დამოკიდებულია მგრძნობელობის მიზეზზე.

შეამცირეთ მჟავე პროდუქტების ხშირი მიღება. ციტრუსები, გაზიანი სასმელები და სხვა მჟავე პროდუქტები შესაძლოა მინანქრის ეროზიას უწყობდეს ხელს.

არ გაიხეხოთ კბილები მაშინვე მჟავე საკვების ან სასმლის მიღების შემდეგ. უმჯობესია გარკვეული დრო დაელოდოთ და შემდეგ გაიხეხოთ კბილები.

და რაც მთავარია, თუ მგრძნობელობა არ ქრება, არ გადადოთ სტომატოლოგთან ვიზიტი. ჩაეწერეთ ბლიც დენტალში კონსულტაციაზე თერაპევტთან.

 

 

რატომ არ უნდა დავაიგნოროთ მგრძნობიარე კბილი?

კბილის მგრძნობელობა შესაძლოა დროებითი რეაქცია იყოს, თუმცა ხშირად ის სხვა სტომატოლოგიური პრობლემის სიმპტომია. მაგალითად, ხშირი, ძლიერი ან ხანგრძლივი ტკივილი შესაძლოა კარიესს, მინანქრის დაზიანებას ან კბილის ნერვის ანთებას უკავშირდებოდეს.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მგრძნობელობის შემცირება, არამედ მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა. ამიტომ, თუ მგრძნობელობა ხშირად მეორდება, ძლიერდება ან ხანგრძლივ ტკივილს იწვევს, ნუ დაელოდებით მის გაუარესებას - მიმართეთ სტომატოლოგს და გაარკვიეთ, რა იწვევს დისკომფორტს.

 

ბლიც დენტალში კვალიფიციური სტომატოლოგები  გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.

//