როგორ დავიცვათ ჩვენი შვილები კარიესისაგან
10 ოქტომბერი 2024
ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ სარძევე კბილების კარიესი არც ისე საყურადღებოა, რადგან პატარები მალევე მოიცვლიან ამ კბილებს, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა.
სარძევე კბილების კარიესი რთულდება მის გარშემო არსებული რბილი და მაგარი ქსოვილების ინფიცირებით, რაც შესაძლოა სხვადასხვა ანომალიასა და გართულებაში გადაიზარდოს.
საყურადღებო ინფორმაცია ორსულებისთვის
ბავშვების კბილებზე ზრუნვა მშობელმა აუცილებლად უნდა დაიწყოს ანტენატალურ, ანუ მუცლადყოფნის პერიოდში, რადგან ემბრიონის განვითარების დროს იქმნება მისი კბილების სტრუქტურა.
აუცილებელია სწორად კვება ორსულობის დროს, რაც გულისხმობს კალციუმით, მაგნიუმით და სხვა მიკროელემენტებით მდიდარი საკვების მიღებას.
უნდა დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, რაც მოიცავს კბილების წმენდას, კბილის ძაფის, სავლებისა და ირიგატორების გამოყენებას.
საყურადღებოა არა მხოლოდ ორსულობის დროს, არამედ ბავშვის ჩასახვამდე ხდებოდეს სამედიცინო კვლევების ჩატარება, კარიესისა და სხვა სტომატოლგიური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კარიესის პროფილაქტიკა
სკოლამდელი ასაკის ბავშვებში კარიესის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან კარიესის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ საქაროზაა, რომელსაც შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. ამას ემატება პირის ღრუს ჰიგიენის არასწორი დაცვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკში განსაკუთრებით სწრაფად პროგრესირებს კარიესი.
სარძევე კბილების ამოსვლის შემდეგ, ბავშვს შესაძლებელია განუვითარდეს „ბოთლის კარიესი.“ ის აღმოცენდება ჰიგიენის წესების უგულებელყოფის შედეგად. დედის რძე ბევრ შაქარს შეიცავს. თუ სათანადოდ არ გაიწმინდება ბოთლი და საწოვარა, ან დაუტოვებთ ახალშობილს პირის ღრუში მთელი ღამის განმავლობაში, სწრაფად გამრავლდება ბაქტერიები, რის შედეგადაც პირველ დროებით კბილებზე განვითარდება კარიესი. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ბავშვის ღრძილებისა და კბილების გაწმენდა სპეციალური სილიკონის სათითით.
1 წლის ასაკისთვის კი შესაძლებელია პატარას შევუძინოთ რბილი ჯაგრულებიანი კბილის ჯაგრისი. დაახლოებით 1,5-2 წლისთვის, უნდა დავიწყოთ კბილის პასტის გამოყენება.
სასურველია 3-4 თვეში ერთხელ ბავშვი გასინჯოს სტომატოლოგმა, რათა აღმოვაჩინოთ კარიესი ადრეულ სტადიაზე და თავიდან ავიცილოთ მისი განვითარება.
კარიესის პროფილაქტიკა სასკოლო ასაკის ბავშვებში
სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კარიესის პროფილაქტიკა მიმართულია მინანქრის გაძლიერებისაკენ. ამ მიზნით ბავშვებში ტარდება ფისურების ჰერმეტიზაცია - ბუნებრივი ჩაღრმავება კბილების საღეჭ ზედაპირზე.
კბილის ჰერმეტიზაციის საშუალებები წარმოადგენს მინერალების, უპირატესად ფტორის შემცველ სპეციალურ ნაერთს. ექიმი ასუფთავებს ბავშვის კბილის მინანქარს ნადებისაგან, ახდენს ანტიბაქტერიულ დამუშავებას, უსვამს ჰერმეტიკს და ნივთიერების ნარჩენებს აშორებს ბორმანქანის საშუალებით. პროცედურა გრძელდება 10-30 წუთის განმავლობაში.
მეორეული პროფილაქტიკა გულისხმობს კარიესული დაზიანების ადრეულ ანუ პირველ ან მეორე სტადიაზე მკურნალობას, როდესაც კარიესი ჯერ კიდევ არ აღწევს დენტინში. მკურნალობა ხდება მინანქრის რემინერალიზაციის გზით. პროცედურა ჰერმეტიზაციის მსგავსია.
ამ ასაკის ბავშვებისთვის საჭიროა სტომატოლოგთან წელიწადში 2-ჯერ ვიზიტი. ბავშვს ენიშნება ფტორის შემცველი საბავშვო კბილის პასტა. კარიესის პროფილაქტიკაში უმნიშვნელოვანესია კვების რეჟიმი. უნდა შეიზღუდოს ტკბილეული, საკვების მიღების შემდეგ, საჭიროა პირის ღრუს წყლით გამოვლება ან კბილების გამოწმენდა, რათა არ დარჩეს საკვების ნარჩენები.