რა არის სტომატიტი და რატომ ჩნდება ის
28 ივნისი 2025
სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, წვა, სიწითლე და წყლულები. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულოს ჭამა, ყლაპვა და ზოგჯერ ლაპარაკიც კი.
რა იწვევს სტომატიტს?
სტომატიტი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი მისი გამომწვევი მიზეზებია ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები, მექანიკური დაზიანებები, ვიტამინების ნაკლებობა, ალერგიული რეაქციები და სხვა.
- მექანიკური დაზიანებები - როდესაც ლორწოვანი გარსი ზიანდება და მასში ბაქტერიები იჭრებიან, მაგ: ლოყის ან ტუჩის შიდა მხრიდან შემთხვევით მოკბეჩა, მორყეული გვირგვინი, ბრეკეტის რკინა, რომელიც ლოყას აღიზიანებს, ახალი მორგებული პროთეზი, კბილის ჯაგრისით გამოწვეული ტრავმა.
- ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები - ყველაზე ხშირია ჰერპეს-ვირუსით გამოწვეული სტომატიტი (განსაკუთრებით ბავშვებში), პირის ღრუში არსებული მიკროფლორის დარღვევა.
- ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა - იმუნიტეტის დაქვეითება, მინერალების და ვიტამინების დეფიციტი (B12, B1, B6), კუჭ- ნაწლავის პრობლემები ხშირაად აისახება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დარღვევაზე,გადაღლილობა, სტრესი, ნერვული დაძაბულობა.
- ჰიგიენა და ქიმიური ფაქტორები - ზოგიერთი კბილის პასტა შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს (SLS), რამაც შეიძლება გამოაშროს ლორწოვანი და ხელი შეუწყოს წყლულების გაჩენას.
სტომატიტის ტიპები
სტომატიტის ბევრი გავრცელებული ტიპი არსებობს. სწორი მკურნალობისთვის უმნიშვნელოვანესია გამომწვევი მიზეზის იდენთიფიცირება, რადგან ზუსტად განისაზღვროს, თუ რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე.
- აფთოზური სტომატიტი წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ ფორმას, რომელიც ხასიათდება პატარა, მტკივნეული წყლულებით პირის ღრუში. ეს წყლულები ჩვეულებრივ თეთრი ან ყვითელია და გარშემორტყმულია წითელი არეალით. მათი გაჩენის ზუსტი მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმუნური სისტემის პრობლემებთან, სტრესთან ან ვიტამინების დეფიციტთან.
- ჰერპესული სტომატიტიგამოწვეულია ჰერპეს სიმპლექს ვირუსით და ხასიათდება მტკივნეული ბუშტუკებით, რომლებიც შემდეგ სკდება და წარმოქმნის წყლულებს. ამ ტიპის სტომატიტი ხშირად გვხვდება ბავშვებში და შეიძლება თან ახლდეს ცხელება და ლიმფური კვანძების გადიდება.
- კანდიდოზური სტომატიტი, ან პირის თრუში, გამოწვეულია Candida albicans სოკოთი. ის ხასიათდება თეთრი, რძისფერი ნადებით პირის ღრუს ლორწოვანზე, რომელიც მოცილების შემდეგ ტოვებს წითელ, ზოგჯერ სისხლმდენ ზედაპირს.
- ბაქტერიული სტომატიტიშეიძლება განვითარდეს პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, იმუნური სისტემის დაქვეითების ან ბაქტერიული ინფექციის შედეგად. ის ხშირად ვლინდება წითელი, შესიებული ლორწოვანით და შესაძლოა თან ახლდეს ჩირქოვანი გამონადენი.
ალერგიული სტომატიტიწარმოიქმნება საკვების, კბილის პასტის, პირის სავლები საშუალებების ან სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგიული რეაქციის შედეგად. ამ დროს შეიძლება გამოვლინდეს პირის ღრუს ლორწოვანის გაწითლება, შეშუპება და ქავილი.
სტომატიტის სიმპტომები
სტომატიტის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს მისი ფორმის, სიმძიმის მიხედვით. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ტკივილი პირის ღრუში
- წყლულები ან ბუშტუკები პირის ღრუში
- სიწითლე და შეშუპება
- დისკომფორტი ჭამის და ლაპარაკის დროს
- სისტემური სიმპტომები (მძიმე შემთხვევებში)
ტკივილი პირის ღრუში არის სტომატიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. ზოგიერთ შემთხვევაში, ტკივილი ვრცელდება კბილის ნერვზეც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პაციენტის მდგომარეობას.
წყლულები ან ბუშტუკები პირის ღრუში წარმოადგენს სტომატიტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიმპტომს. ისინი ძირითადად ლოყების შიდა მხარეს, ენაზე, ღრძილებზე, სასაზე ან ტუჩებზე ჩნდება. ეს წყლულები არის პატარა ან დიდი, ერთეული ან მრავლობითი და ხშირად გარშემორტყმულია წითელი არეალით.
პირის ღრუს ლორწოვანის გაწითლება და შეშუპება არის ანთებითი პროცესის მაჩვენებელი და თითქმის ყველა ტიპის სტომატიტის დროს გვხვდება.
დისკომფორტი კვების, საუბრის ან ყლაპვის დროს არის კიდევ ერთი გავრცელებული ჩივილი. სტომატიტის დროს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ხდება უფრო მგრძნობიარე, რაც ართულებს საკვების მიღებას, რაც იწვევს კვებით დეფიციტს, განსაკუთრებით თუ მდგომარეობა დიდხანს გრძელდება.
სტომატიტს შეიძლება თან ახლდეს სისტემური სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სისუსტე, უმადობა, ლიმფური კვანძების გადიდება. ეს სიმპტომები უფრო ხშირად გვხვდება ვირუსული სტომატიტის დროს, მაგალითად, ჰერპესული სტომატიტის შემთხვევაში.
სიმპტომები ჩნდება პირის ღრუს ნაწილებზე: ღრძილები, სასა, ლოყები, ენა, ტუჩის საზღვარი.
სტომატიტის მკურნალობა
სტომატიტის მკრუნალობა კომპლექსური პროცესია და მისი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ინფექციის კონტროლი და პირის ღრუს ჯანმრთელობის აღდგენა. მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია სწორ სამედიცინო ჩარევაზე, ასევე სახლის პირობებში ჩატარებულ პროცედურებსა და პრევენციულ ზომებზე.
სტომატიტის სამედიცინო მკურნალობა იწყება მისი ტიპის ზუსტი დიაგნოსტიკით. ექიმი, პირველ რიგში, ნიშნავს ადგილობრივ მკურნალობას, რაც მოიცავს ანტისეპტიკურ სავლებებს და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. მძიმე შემთხვევებში შესაძლოა დაინიშნოს სისტემური მკურნალობა.
სტომატიტის მკურნალობა სახლის პირობებში
სახლის პირობებში, ექიმის რეკომედაციითსტომატიტის მკურნალობა მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. განსაკუთრებით ეფექტურია გვირილის ნაყენით პირის ღრუს გამოვლება, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებები.
კვების რეჟიმის კორექცია სახლის პირობებში მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სტომატიტის დროს რეკომენდებულია რბილი, არაგამაღიზიანებელი საკვების მიღება და უხვი სითხის დალევა. უნდა მოვერიდოთ ცხარე, მჟავე და მარილიან პროდუქტებს, რადგან ისინი აძლიერებენ ტკივილს და აფერხებენ შეხორცების პროცესს.
როდის მივმართოთ სტომატოლოგს?
მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი სტომატიტი შემთხვევაში ექიმის რეკომენდაციით შესაძლებელია სახლის პირობებში მკურნალობა, არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელია პროფესიონალის დახმარება:
- თუ სტომატიტის სიმპტომები არ უმჯობესდება 1-2 კვირის განმავლობაში ან უარესდება მკურნალობის მიუხედავად;
- თუ ტკივილი ძლიერია და ხელს უშლის კვებას ან სითხის მიღებას;
- თუ თან ახლავს მაღალი სიცხე (38°C-ზე მეტი) სტომატიტთან ერთად შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე და საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ყურადღებას. ასევე საგანგაშო ნიშნებია ლიმფური კვანძების მნიშვნელოვანი გადიდება და სწრაფად მზარდი ან უჩვეულოდ დიდი წყლულები პირის ღრუში.
სტომატიტის პრევენცია
სტომატიტის პრევენცია იწყება პირის ღრუს ჰიგიენით. რეკომენდირებულია კბილების გახეხვა რბილი ჯაგრისით დღეში მინიმუმ ორჯერ და სავლებების რეგულარული გამოყენება. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ მხოლოდ ჰიგიენა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.
სტრესის მართვა, სრულფასოვანი კვება და საკმარისი ძილი მნიშვნელოვნად ამცირებს სტომატიტის განვითარების რისკს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმუნიტეტის გაძლიერებას რეგულარული ფიზიკური აქტივობითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიღებით.
სტომატიტი ბავშვებში
სტომატიტი ბავშვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა პირის ღრუში, განსაკუთრებით მცირე ასაკში. დაავადება შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შედეგად, ასევე იმუნიტეტის დაქვეითების, პირის ღრუს ტრავმის, არასათანადო ჰიგიენის ან ალერგიული რეაქციის ფონზე.
ბავშვებში სტომატიტის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს გაღიზიანებადობა და უმადობა. შემდგომში ჩნდება წყლულები პირის ღრუში, რასაც ხშირად თან ახლავს:
- მომატებული ტემპერატურა
- უარი საკვებზე ტკივილის გამო
- გაძლიერებული ნერწყვდენა
- ძილის დარღვევა
მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ პედიატრის ან სტომატოლოგის მიერ და დამოკიდებულია სტომატიტის ტიპსა და სიმძიმეზე. როგორც წესი, მკურნალობა მოიცავს ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებას, ტკივილის შემცირებასა და იმუნიტეტის მხარდაჭერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ინიშნება სპეციალური მედიკამენტები. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან არასწორმა მიდგომამ შესაძლოა გაართულოს მდგომარეობა.
სტომატიტის პრევენცია ბავშვებში დამოკიდებულია პირის ღრუს სწორ ჰიგიენაზე, ბავშვის ასაკის შესაბამისი პირის ღრუს მოვლის საშუალებების გამოყენებაზე, სათამაშოებისა და ხელების სისუფთავის დაცვაზე, ასევე ჯანსაღ და ვიტამინებით მდიდარ კვებაზე. რეგულარული პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან მნიშვნელოვნად ამცირებს სტომატიტის განვითარების რისკს და ხელს უწყობს ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები გთავაზობენ პროფესიონალურ დიაგნოსტიკას და სტომატიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.