ბრეკეტებით მკურნალობა: ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ სანამ მკურნალობას დაიწყებთ
11 აგვისტო 2026
თანამედროვე სტომატოლოგია სულ უფრო მეტად უსვამს ხაზს ორთოდონტიული მკურნალობის საჭიროებას. სწორი კბილთა წყობა არა მხოლოდ სილამაზისა და ესთეტიკის ნაწილია, იგი პირდაპირ მოქმედებს ღეჭვით ფუნქციაზე, ყბის სახსრების სწორ მუშაობაზე, მეტყველებაზე და ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.
ბოლო ათწლეულებში ორთოდონტიამ სწრაფი პროგრესი განიცადა. თანამედროვე ორთოდონტია ბრეკეტების რამდენიმე ტიპს გვთავაზობს. ეს მრავალფეროვნება პაციენტს აძლევს საშუალებას, შეარჩიოს მკურნალობის ის გზა, რომელიც მის საჭიროებებს, ცხოვრების სტილსა და ესთეტიკურ მოლოდინებს საუკეთესოდ შეესაბამება.
რა არის ბრეკეტები და როგორ მუშაობს?
ბრეკეტები წარმოადგენს სპეციალურ ორთოდონტიულ აპარატს, რომელიც გამოიყენება არათანაბრად განლაგებული კბილების გასასწორებლად, კბილთაშორისი სივრცეების შესავსებად და თანკბილვის კორექციისთვის. კონსტრუქცია შედგება კბილის მცირე ზომის ფირფიტებისგან (ბრეკეტებისგან) და მეტალის რკალისგან.
მკურნალობის პროცესში კბილები ეტაპობრივად გადაადგილდება წინასწარ განსაზღვრულ პოზიციაში. ამისთვის ორთოდონტი პერიოდულად ამოწმებს მკურნალობის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში არეგულირებს სისტემას.
ბრეკეტებით მკურნალობის მიზანი მხოლოდ კბილების ვიზუალურად გასწორება არ არის. სწორად დაგეგმილი ორთოდონტიული მკურნალობა ასევე შეიძლება დაეხმაროს თანკბილვის კორექციას და კბილების ფუნქციურად სწორ განლაგებას.
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ორთოდონტიული კონსულტაცია და შესაბამისი დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზეც სპეციალისტი ადგენს ინდივიდუალურ მკურნალობის გეგმას
კონსულტაცია და მკურნალობის დაგეგმვა?
ბრეკეტებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც პირდაპირ ბრეკეტების დაყენებით არ იწყება. წარმატებული ორთოდონტიული შედეგის 80% სწორედ საწყის, დიაგნოსტიკურ და დაგეგმვის ეტაპზეა დამოკიდებული.
ბრეკეტებით მკურნალობა იწყება ორთოდონტთან პირველადი კონსულტაციით, სადაც ექიმი აფასებს პირის ღრუს მდგომარეობას, თანკბილვასა და ყბა-სახის ესთეტიკას, რის შემდეგაც ბლიც დენტალში ტარდება სრული დიაგნოსტიკა - პანორამული რენტგენი, 3D სკანირება, ფოტოპროტოკოლი და ცეფალოგრამა, რომელიც თავის ქალას პროექციაზე ყბების ზუსტ ურთიერთმიმართებასა და ძვლოვან სტრუქტურებს აჩვენებს. ამ დეტალური მონაცემების საფუძველზე ადგენს ორთოდონტი მკურნალობის ინდივიდუალურ გეგმას, ირჩევს ბრეკეტის ტიპს და განსაზღვრავს მკურნალობის ვადებს. საბოლოოდ, უშუალოდ ბრეკეტების ფიქსაციამდე, ტარდება პირის ღრუს სრული მომზადება - კარიესების მკურნალობა და პროფესიული წმენდა, რათა ორთოდონტიული პროცესი სრულიად ჯანსაღ გარემოში დაიწყოს.
როდის არის აუცილებელი ბრეკეტების ტარება?
ბრეკეტებით მკურნალობა ინიშნება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ესთეტიკური ან ფუნქციური ხასიათის ორთოდონტიული პრობლემები. ძირითადი ჩვენებებია:
- არასწორი თანკბილვა (ოკლუზია):როდესაც ზედა და ქვედა ყბის კბილები ერთმანეთს ანატომიურად სწორად არ ეხება.
- კბილების სიმჭიდროვე (სივიწროვე):როდესაც ყბაში არ არის საკმარისი ადგილი და კბილები ერთმანეთზე გადადის ან ამოტრიალებულია.
- კბილთაშორისი სივრცეები (დიასთემა და ტრემა):კბილებს შორის არსებული არაბუნებრივად დიდი დაშორებები.
- ღეჭვითი და მეტყველების სირთულეები:გამოწვეული კბილთა არასწორი დგომით.
მეტალის ბრეკეტები VS კერამიკული ბრეკეტები - როგორი ტიპის ბრეკეტები არსებობს
ორთოდონტიაში გამოიყენება რამდენიმე ტიპის ბრეკეტ-სისტემა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია მეტალის და კერამიკული კონსტრუქციები:
- მეტალის ბრეკეტები:კლასიკური და ყველაზე გავრცელებული არჩევანია. გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ეფექტურობითა და შედარებით დაბალი ფასით. საუკეთესოა რთული ორთოდონტიული ანომალიების დროს.
- კერამიკული ბრეკეტები:ესთეტიკური ალტერნატივაა. მზადდება კერამიკისგან, რომელიც ფერით მაქსიმალურად ერგება კბილის ბუნებრივ ემალს და ნაკლებად შესამჩნევია.
- საფირის (გამჭვირვალე) ბრეკეტები:სრულიად გამჭვირვალე კრისტალური სისტემა, რომელიც თითქმის უხილავია.
- თვითლიგირებადი ბრეკეტები:ინოვაციური სისტემა (მაგ. Damon), რომელიც არ საჭიროებს რეზინებს. ამცირებს ხახუნს, ამცირებს ვიზიტების სიხშირეს და ხდის მკურნალობას უფრო კომფორტულს.
რა დრო სჭირდება ბრეკეტებით მკურნალობას?
ბრეკეტებით მკურნალობის საშუალო ხანგრძლივობა 12-დან 24 თვემდე მერყეობს, თუმცა ზუსტი ვადა ინდივიდუალურია და რამდენიმე საკვანძო ფაქტორზეა დამოკიდებული: მსუბუქი კორექცია შესაძლოა 6-9 თვეში დასრულდეს, მაშინ როდესაც რთული ანომალიების მკურნალობა 2-2.5 წელს მოითხოვს. ამასთან, მოზარდებში ელასტიური ძვლოვანი ქსოვილის წყალობით კბილები შედარებით სწრაფად გადაადგილდება, თვითლიგირებადი ან მეტალის სისტემები ხშირად ოდნავ ამცირებს პროცესის ხანგრძლივობას, ხოლო პაციენტის მიერ ექიმის რეკომენდაციების სრულად შესრულება - ორთოდონტიული რეზინების ტარება, სათანადო ჰიგიენა და გეგმიური ვიზიტების დაცვა - პირდაპირ განსაზღვრავს მკურნალობის საბოლოო ხანგრძლივობას და ეფექტურობას.
როგორ მოვუაროთ ბრეკეტებს სათანადოდ?
ბრეკეტების ტარების პერიოდში პირის ღრუს ჰიგიენას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ბრეკეტებისა და რკალის გარშემო საკვების ნარჩენებისა და ნადების დაგროვება უფრო მარტივად შეიძლება მოხდეს, ამიტომ კბილების რეგულარული და საფუძვლიანი გაწმენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბრეკეტების მოვლისთვის რეკომენდებულია:
- კბილების გახეხვა დღეში მინიმუმ ორჯერ;
- ბრეკეტებისა და კბილების ზედაპირის საფუძვლიანად გაწმენდა;
- კბილებს შორის სივრცეების სპეციალური საშუალებებით გაწმენდა;
- ორთოდონტის მიერ რეკომენდებული ჰიგიენის საშუალებების გამოყენება;
- რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან.
ასევე მნიშვნელოვანია კვების დროს სიფრთხილე. ძალიან მყარმა ან წებოვანმა საკვებმა შესაძლოა ორთოდონტიული სისტემის გარკვეული ელემენტები დააზიანოს. კონკრეტულ რეკომენდაციებს თქვენი ორთოდონტი მკურნალობის პროცესში მოგცემთ.
კარგი პირის ღრუს ჰიგიენა არა მხოლოდ ბრეკეტების ეფექტურ ფუნქციონირებას, არამედ კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის შენარჩუნებასაც ემსახურება.
რა ასაკიდან კეთდება ბრეკეტები?
ბრეკეტების გაკეთებას კონკრეტული ასაკი არ აქვს. ორთოდონტიული მკურნალობის დაწყების დრო დამოკიდებულია კბილების განვითარებაზე, თანკბილვის მდგომარეობასა და კონკრეტულ პრობლემაზე.
ბავშვებსა და მოზარდებში ორთოდონტიული შეფასება ზოგჯერ უფრო ადრეულ ასაკშიც არის რეკომენდებული, რათა სპეციალისტმა დროულად შეაფასოს კბილებისა და ყბების განვითარება.
ამასთან, ბრეკეტებით მკურნალობა მხოლოდ ბავშვებისა და მოზარდებისთვის არ არის. ზრდასრულ ასაკში მკურნალობა თანაბრად ეფექტურია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩამოყალიბებული ძვლოვანი ქსოვილის გამო მკურნალობა შესაძლოა დროში გახანგრძლივდეს
ამიტომ კითხვაზე „გვიან ხომ არ არის ბრეკეტების გაკეთება?“ პასუხი ყოველთვის ინდივიდუალურია. ასაკზე მეტად მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჯანმრთელობა და ორთოდონტიული პრობლემის კონკრეტული მდგომარეობა.
რამდენად დიდ ხანს ნარჩუნდება ბრეკტებით მიღებული შედეგი?
ბრეკეტების მოხსნით ორთოდონტიული მკურნალობა არ სრულდება. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად და კბილების ძველ პოზიციაში დაბრუნების (რეციდივის) თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია რეტენციული პერიოდის გავლა.
მკურნალობის დასრულების შემდეგ კბილებს გარკვეული დრო სჭირდება ახალ მდგომარეობასთან ადაპტაციისთვის.
ოთოდონტებისგან ძირითადად გაიცემა ორი რეკომენდაცია
ფიქსირებული რეტეინერი - კბილების შიდა მხრიდან გასაკრები თხელი ლითონის რკალი, რომელიც მუდმივად აფიქსირებს კბილებს.
რეტენციული კაპა - გამჭვირვალე, მოხსნადი კონსტრუქცია, რომელიც დამატებითი უსაფრთხოებისთვის, ძირითადად, ძილის დროს გამოიყენება.
იმისთვის რომ ორთოდონტიულმა მკურნალობამ შედეგი შეინარჩუნოს და კბილები არ დაუბრუნდნენ ძველ მდგომარეობას, მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომ, ორთოდონტის რეკომენდაციების სრული დაცვა
კონტაქტი
ბლიც დენტალში კვალიფიციური სტომატოლოგები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას, ამომწურავად გასცემენ პასუხს თქვენს ყველა კითხვას და დაგეხმარებიან, შემოგთავაზონ თქვენზე მორგებული მკურნალობის გეგმა.
კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.