ქირურგიული სტომატოლოგია
11 მაისი 2023
ქირურგიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს პირის ღრუში განვითარებული პათოლოგიური პროცესების ქირურგიული გზით მკურნალობას და ის ძირითადად მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
სიბრძნის კბილის ექსტრაქცია (ამოღება)
სიბრძნის კბილის ექსტრაქცია ფართოდ გავრცელებული ქირურგიული ოპერაციაა. კბილის პოზიციიდან გამომდინარე განარჩევენ , როგორც რეტენირებულ ( ამოჭრა შეჩერებულ), ასევე ნახევრად რეტენირებულ (ნახევრად ამოჭრილ) მერვე კბილებს. „ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში“ კბილის ექსტრაქციის დროს გამოიყენება თანამედროვე მიდგომები და უახლესი სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებები. ქირურგიული ჩარევა მიმდინარეობს სრულიად უმტკივნეულოდ, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების მოქმედების ფონზე, რის გამოც შესაძლებელია მინიმუმამდე დავიყვანოთ პაციენტისათვის დისკომფორტის შექმნის რისკი.
კბილის ექსტრაქცია, ერთმომენტიანი აუგმენტაციით
ერთეული კბილის ან კბილთა ჯგუფის დაკარგვის შემდგომ აუცილებელია კბილთა რკალის მთლიანობის აღდგენა, რაც შესაძლებელია დენტალური იმპლანტის საშუალებით. ხშირ შემთხვევაში დანაკლისი კბილის ადგილას წარმოიქმნება ძვლოვანი ქსოვილის დეფიციტი, რაც ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს იმპლანტაციისთვის. მსგავსი შემთხვევების დროს აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის აუგმენტაცია, ანუ ხელოვნური ძვლით დეფექტის შევსება. ამოღებული კბილის ადგილზე დარჩენილი კბილბუდე, რომელშიც ადრე მოთავსებული იყო კბილის ფესვი, ივსება ხელოვნური ძვლით ისე, რომ შემდგომში შესაძლებელი იქნება კბილის დეფექტის ადგილას დენტალური იმპლანტის დაყენება და კბილთა მწკრივის მთლიანობის აღდგენა. აუგმენტირებული უბანი ინარჩუნებს მინიჭებულ ფორმას ,სიმყარეს და უზრუნველჰყოფს დენტალური იმპლანტის ფიქსაციის უმაღლეს ხარისხს.
ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების და კბილების ტრამვული დაზიანებების მკურნალობა
არსებობს ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტის პირის ღრუში მიმდინარე ანთებით პროცესს თან ახლავს დიდი ოდენობით ანთებითი ექსუდატი (ჩირქოვანი ქსოვილი). ჩირქოვანი კერის მიდამოში კი, რბილი ქსოვილები დანეკროზებულია. სწორედ ასეთ შემთხვევებში ხდება აუცილებელი ყბა - სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების ქირურგიული მეთოდით მკურნალობა. კბილის ან კბილების გარკვეული ჯგუფის ტრავმული დაზიანებების დროს (ტრავმული ამოვარდნილობა, მორყევის ხარისხის მქონე კბილები) ძირითადად საჭირო ხდება მათი შინირება. კბილების შინირება გარკვეული ჯგუფის კბილების ერთ მთლიან ბლოკად გაერთიანებაა, იმისათვის, რომ საღეჭი დატვირთვა გადანაწილდეს და თავიდან ავიცილოთ კბილების მორყევა-ამოვარდნა , რაც ტრავმული ფაქტორით იყო განპირობებული.
ტუჩისა და ენის ლაგმის პლასტიკა
ლაგამი წარმოადგენს ლორწოვანი გარსის მქონე თხელ ქსოვილს, რომელიც მყარად აფიქსირებს ტუჩებსა და ენას სწორ მდგომარეობაში. ლაგმის ქსოვილი ხასიათდება ელასტიურობით. საჭიროების შემტხვევაში ისინი იწელება და აძლევს ადამიანს მეტყველების დროს ტუჩებისა და ენის მოძრაობის საშუალებას. ლაგმის მდებარეობა, სიგრძე და ელასტიურობა დამოკიდებულია პაციენტის პირის ღრუს მახასიათებლებზე. არსებობს ისეთი კლინიკური შემთხვევები, როდესაც პაციენტს ლაგამი ან ძალიან მოკლე აქვს, ან ძალიან გრძელი. ასეთი შემთხვევები საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევასა და კორექტირებას.
სინუს ლიფტინგი
სინუს ლიფტინგი, იგივე სუბანტრალური აუგმენტაცია ძვლოვანი ქსოვილის აუგმენტაციის ერთ-ერთი სახეობაა და დენტალური იმპლანტაციის მოსამზადებელ პირველ ეტაპს წარმოადგენს. როდესაც პაციენტი კარგავს კბილებს და დგება მათი იმპლანტებით ჩანაცვლების აუცილებლობა, ძირითად შემთხვევებში, ზედა ყბის წიაღსა და პირის ღრუს შორის ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა არაა საკმარისი იმპლანტის განსათავსებლად. სწორედ ამ დროს დგება სინუს ლიფტინგის (სუბანტრალური აუგმენტაციის), ოპერაციის საჭიროება. ეს არის ძვლოვან-პლასტიკური ოპერაცია, რომლის საშუალებითაც იმპლანტაციის ზონაში ხდება ძვლოვანი ქსოვილის საჭირო მოცულობის შექმნა. მეორე ეტაპზე, უშუალოდ იმპლანტირებისას, ხელოვნური ფესვი და გვირგვინი მყარად მაგრდება პაციენტის ყბის ძვალში და ნაწილობრივ აუგმენტირებულ უბანში. მსოფლიოს მასშტაბით, თითქმის ყოველი მესამე პაციენტი, რომელიც საჭიროებს იმპლანტაციას, ასევე საჭიროებს სინუს ლიფტინგს - ზედა ყბის საღეჭი კბილების პროექციაზე. ძირითადად, აღნიშნული მანიპულაციის ჩატარება აუცილებელია პაციენტის ყბისა და სახის ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილის პლასტიკა
იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ღრძილები ზედმეტად ეფარება ან არასაკმარისად ფარავს კბილს, სტომატოლოგები უმეტესწილად რეკომენდაციას უწევენ ღრძილის ფორმის შეცვლას, ქირურგიული გზით. ღრძილების პლასტიკა ნაკლებად ინვაზიური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც იძლევა პაციენტისთვის სასურველ ესთეტიკურ შედეგს. ვიზუალურ ეფექტთან ერთად, ჯანმრთელი და საღი ღრძილი იცავს კბილს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისაგან და პირიქით - არასწორი დგომის შემთხვევაში, იზრდება კბილების დაზიანების რისკი.
სიმსივნური და კისტოზური წარმონაქმნები
ქირურგიული მეთოდებით ხდება მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეებისა და კისტოზური წარმონაქმნების ამოკვეთა ანუ ცისტექტომია. ამ დროს ყბა-სახის ქირურგი ათავისუფლებს პაციენტის პირის ღრუს პათოგენური ქსოვილებისგან.
აპიკოექტომია ნიშნავს ნაკლებად ინვაზიურ ქირურგიულ მანიპულაციას. ამ დროს, პათოლოგიური პროცესი ლოკალიზებულია მიზეზობრივი კბილის ფესვის ანუ აპექსის პროექციაზე (რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება კბილის მწვერვალის მოკვეთა და კისტორუზი ქსოვილის ამოფხეკა). დაზიანებული კბილის ფესვის მწვერვალი და მის გარშემო არსებულ დაზიანებული ქსოვილი ქირურგიულად ამოიკვეთება. მსგავსი ტიპის ოპერაციული ჩარევის დროს, შესაძლებელი ხდება ანთებითი კერის კუპირება და მიზეზობრივი კბილის შენარჩუნება.
ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა, გთავაზობთ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერი სახის მომსახურებას. ჩვენი კლინიკის პროფესიონალთა გუნდი დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მალე მიიღოთ, თქვენი საოცნებო ღიმილი. ვიზიტის დასაჯავშნად ჩაეწერე კონსულტაციაზე, ხოლო სტომატოლოგიური განვადების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი ნომერზე: (+995) 322 22 15 16