რა არის და რისთვის გამოიყენება Inlay, onlay, overlay ჩანართები
04 აგვისტო 2022
რა არის Inlay, onlay, overlay - ჩანართი?
Inlay, onlay და overlay დენტალური ჩანართები, ეს არის კარიესის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომელიც გულისხმობს კბილის ღრუს ამოვსებას კერამიკული ჩანართის საშუალებით.
Inlay, onlay, overlay ჩანართი ზედმიწევნით იმეორებს დაზიანებული ნაწილის სტრუქტურას და სრულად ერგება მის კონტურს.
Inlay, onlay და overlay ჩანართები მზადდება იმავე ტექნოლოგიით, რითაც ვინირები და გვირგვინები. მას შემდეგ რაც ექიმი სპეციალური სტომატოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებით, გაასუფთავებს კბილის დაზიანებულ ნაწილს, დარჩენილი ღრუს სკანირება ხდება ციფრული სკანერით. შემდგომ, აღებული ანაბეჭდის კონტურების გათვალისწინებით, სპეციალური დანადგარი ამზადებს კერამიკულ ჩანართს, რომელიც შეესაბამება პაციენტის ბუნებრივი კბილის ფერს და ზუსტად იმეორებს კარიესის გამო წარმოქმნილი ღრუს ფორმას.
Inlay, onlay და overlay ჩანართები გამოირჩევა სიმყარით. კბილის დასაბჟენ ტრადიციულ მასალებთან შედარებით მათ ახასიათებთ მეტი მდგრადობა, უძლებენ უფრო მეტ დატვირთვას ღეჭვის დროს და არ იცვლიან ფერს.
როდის გამოიყენება Inlay ჩანართი?
მაშინ როდესაც კბილის კარიესული დაზიანება საკმაოდ მძიმეა და მისი ამოვსება ტრადიციული დასაბჟენი მასალებით მიზანშეწონილი არ არის, სტომატოლოგები მიმართავენ Inlay-ჩანართით კბილის მკურნალობის ალტერნატივას.
Inlay, onlay და overlay ჩანართები, მათი გამძლეობის გათვალისწინებით, ძირითადად, გამოიყენება უკანა საღეჭ კბილებზე არსებული კარიესული ღრუების ამოსავსებად.
Inlay, ჩვეულებრივ, ფარავს კბილის ცენტრალურ ნაწილს ან კბილის კედლებს შორის სრულ სივრცეს და განთავსებულია კბილის მყარ ქსოვილებში. Inlay ჩანართი არ ეხება უშუალოდ კბილის გარე საფარს (კბილის გვერდით კედლებსა და ემალს).
Inlay ჩანართის ძირითადი მახასიათებლები:
- ზომა: მცირე - ფარავს მხოლოდ დამუშავებული კბილის ცენტრალურ ნაწილს;
- გამოყენება: კარიესის ისეთი შემთხვევა, როდესაც ღრუ არის ღრმა და მდებარეობს კბილის ცენტრალურ ნაწილში;
- მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. Inlay ჩანართის გამოყენება უზრუნველყოფს ბუნებრივი კბილის ქსოვილის 60-70 პროცენტის შენარჩუნებას.
როდის გამოიყენება onlay ჩანართი?
როდესაც პაციენტის კბილის ზედაპირი კარიესით საგრძნობლადაა დაზიანებული და ღრუები გვხვდება, როგორც კბილის საღეჭი ნაწილის ცენტრალურ, ასევე განაპირა ზონებში (ზედა მხრიდან) მკურნალობა მიმდინარეობს onlay ჩანართების საშუალებით.
Inlay-სთან შედარებით onlay ჩანართებით შესაძლებელია კბილის უფრო დიდი ზედაპირის დაფარვა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილება.
Onlay ჩანართი განთავსებულია კბილის ღრმა ქსოვილებში და ფარავს კბილის ზედაპირის იმ ნაწილს რომელიც უშუალოდ ღეჭვის პროცესში მონაწილეობს. Onlay ჩანართი ხელს უშლის საჭმლის ნარჩენებს მოხვდეს კარიესულ ღრუში და იცავს დაზიანებულ კბილს ღეჭვის დატვირთვისგან.
onlay ჩანართის ძირითადი მახასიათებლები:
- ზომა: საშუალო, უფრო დიდი ვიდრე Inlay ჩანართი. onlay ფარავს დამუშავებული კბილის ცენტრალურ და გვირგვინის გვერდითა კედლების ზოგიერთ ნაწილს;
- გამოყენება: როდესაც პაციენტს აქვს მძიმე კარიესი, რომელიც ვრცელდება როგორც კბილის ცენტრალურ ნაწილზე, ასევე გვირგვინის კედლებზე. onlay ჩანართი ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კბილის სტრუქტურა არის არაერთგვაროვანი და საჭიროებს რესტავრაციას;
- მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. onlay ჩანართით პაციენტები ინარჩუნებენ ბუნებრივი კბილების 50-60%-ს.
როდის გამოიყენება overlay ჩანართი?
ხშირად overlay ჩანართს მისი ზომის გამო ხელოვნურ გვირგვინს ამსგავსებენ, რაც არასწორი შეხედულებაა. ხელოვნური გვირგვინი კბილის ბუნებრივი გვირგვინის გაცილებით უფრო დიდ ნაწილს ანაცვლებს ვიდრე overlay ჩანართი.
Inlay და onlay ჩანართებთან შედარებით overlay ჩანართი კბილის მართლაც უფრო დიდ ნაწილს ფარავს, მაგრამ იგი ასევე განსხვავდება ეგრეთ წოდებული კბილის „დაშენებისგან“, რადგან overlay ჩანართი უცვლელად ინარჩუნებს კბილის ბუნებრივ სტრუქტურასა და ფორმას.
Overlay ჩანართის ძირითადი მახასიათებლები:
- ზომა: დიდი - აღემატება onlay და Inlay ჩანართებს და სრულად ფარავს კბილის გვირგვინის ზედა ნაწილს.
- გამოყენება: overlay ჩანართი გამოიყენება ბუნებრივი კბილების ძლიერ დაზიანებული და არაერთგვაროვანი კორპუსის ჩასანაცვლებლად ისეთ შემთხვევებში, როდესაც კბილის ფესვები ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაშია.
- მკურნალობა: ჩანართი მაგრდება სამკურნალო ზონაში, სპეციალური დენტალური წებოს გამოყენებით. პაციენტი ინარჩუნებს ბუნებრივი კბილის ქსოვილის დაახლოებით 20-30 პროცენტს.
„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას სტომატოლოგიური კლინიკა“ გთავაზობთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ, თქვენს საჭიროებებზე მორგებულ, კომფორტულ გარემოს. ჩვენი კლინიკის ექიმები გაგიწევენ პროფესიონალურ კონსულტაციას და დაგეხმარებიან კბილის აღდგენის უახლესი მეთოდების გამოყენებით, მოკლე დროში მიიღოთ სასურველი შედეგი და დატკბეთ მომხიბვლელი ღიმილით.
ფასების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ გვერდს: სტომატოლოგიური კლინიკა ფასები