როგორ შევაყვაროთ პატარებს კბილების მოვლა
30 მარტი 2023
თქვენი პატარას პირის ღრუს ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ფიზიკური განვითარების სხვა ნებისმიერი ასპექტი. ბავშვობაში ნასწავლ სწორ ჩვევებს, როგორებიცაა: პირის ღრუს პერმანენტული მოვლა, დაბალანსებულ დიეტა და რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი კბილების შენარჩუნებაში. „ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ჩამოუყალიბოთ თქვენს პატარებს პირის ღრუსა და კბილების მოვლის სწორი რუტინა.
მანამ, სანამ ვისაუბრებთ იმ ხერხებზე, რომლებიც დაგეხმარებათ შეაყვაროთ თქვენს პატარას კბილების მოვლა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როდის დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი შვილების პირის ღრუზე. ბავშვების კბილებზე ზრუნვა დედამ აუცილებლად უნდა დაიწყოს ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში. სწორედ ამ დროს, ემბრიონის განვითარების პირველივე ეტაპებიდან ყალიბდება ბავშის კბილების სტრუქტურა. ორსულობისას აუცილებელია სწორად კვება, რაც გულისხმობს კალციუმით, მაგნიუმით და სხვა მიკროელემენტებით მდიდარი საკვების მიღებას. დედამ აუცილებლად უნდა მიიღოს საჭირო მინერალების შემცველი ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი. ასევე, მნიშვნელოვანია დაიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა, რაც მოიცავს კბილების გასუფთავებას, კბილის ძაფის, სავლებისა და ირიგატორების გამოყენებას. რაც შეეხება სტომატოლოგთან გეგმიურ ვიზიტებს, საყურადღებოა, რომ არა მხოლოდ ორსულობის დროს, არამედ ბავშვის ჩასახვამდე ხდებოდეს სამედიცინო კვლევების ჩატარება, კარიესისა და სხვა სტომატოლოგიური დაავადებების თავიდან აცილების მიზნით.
რა არის „ბოთლის კარიესი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
მცირეწლოვან ბავშვებში კარიესის შემთხვევები საკმაოდ ხშირია, რადგან კარიესის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი საქაროზაა, რომელსაც რაფინირებული შაქარი და შესაბამისად, შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი შეიცავს. ამას ემატება პირის ღრუს ჰიგიენის არასწორი დაცვა, სწორედ ამიტომ, ამ ასაკში კარიესი შედარებით სწრაფად ვითარდება. სარძევე კბილების ამოჭრის შემდეგ, ბავშვს შესაძლებელია განუვითარდეს „ბოთლის კარიესი.“ დედის რძე ბევრ შაქარს შეიცავს, სწორედ ამიტომ, თუ ბოთლს და საწოვარას კარგად არ გარეცხავთ და ახალშობილს მთელი ღამის განმავლობაში არასწორად გარეცხილი საწოვარათი აჭმევთ, სწრაფად გამრავლდება ბაქტერიები რის შედეგადაც, პირველ, დროებით კბილებზეც კი განვითარდება კარიესი. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბავშვის ღრძილებისა და კბილების გაწმენდა სპეციალური სილიკონის სათითით. 1 წლის ასაკისთვის კი, შეგვიძლია პატარას შევუძინოთ რბილი ჯაგრულებიანი კბილის ჯაგრისი. დაახლოებით 1,5-2 წლისთვის უნდა დავიწყოთ კბილის პასტის გამოყენება. 3-4 თვეში ერთხელ, ბავშვი სასურველია გასინჯოს სტომატოლოგმა. ამ საშუალებებით თავიდან ავიცილებთ კარიესის განვითარებას ან აღმოვაჩენთ მას ადრეულ სტადიაზე.
როგორ ჩამოვუყალიბოთ ბავშვებს პირის ღრუს ჰიგიენის რუტინა?
ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ყველაზე დიდ როლს, რა თქმა უნდა, მშობლის მონდომება თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებმა ყოველდღიურად სათანადო ყურადღება მიაქციონ კბილების წმენდის პროცესს და ასწავლონ ბავშვებს სწორი ხერხები. იმისთვის, რომ თქვენმა შვილებმა შეიყვარონ კბილების წმენდის რუტინა და შეინარჩუნონ ჯანმრთელი კბილები, „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გირჩევთ:
- აუცილებლად მიაჩვიეთ თქვენი შვილი ყოველდღიურ პირის ღრუს ჰიგიენას, ჯერ კიდევ იმ ასაკიდან, სანამ კბილები ამოეჭრება. ეს მათ თავიდან ააცილებს მომავალში კარიესის განვითარების საფრთხეს. გახადეთ ეს პროცესი სახალისო. აბაზანაში, სარკის წინ დგომა და კბილების გასუფთავება თქვენი პატარისათვის უნდა იყოს პირველ რიგში სახალისო აქტივობა.
- გაითვალისწინეთ, რომ პირის ღრუს გასუფთავება ყოველი კვების შემდეგ სპეციალური, მცირეწლოვნისათვის განკუთვნილი სავლებით ან უბრალოდ წყლით ხელს შეუშლის არასასურველი ბაქტერიების გამრავლებას. შეიძინეთ ხსნარი, რომელსაც აქვს სასიამოვნო გემო. ასე თქვენი პატარა უფრო მარტივად შეეჩვევა სითხეს.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კბილების ამოჭრის შემდეგ, გამოიყენოთ თქვენი შვილის ასაკისათვის შესაფერისი კბილის ჯაგრისი. შესაძლებელია, როგორც სილიკონის, ასევე ნაზი ჯაგრისის შერჩევა, რომელიც არ დაუზიანებს თქვენს პატარას ღრძილებსა და სასას.
- კბილების გაწმენდის მხიარულ პროცესთან ერთად, მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ თქვენი შვილის დაჯილდოება კარგად შესრულებული „დავალების“ შემდეგ. ასე, თქვენი პატარა უფრო მეტად იქნება მოტივირებული სწორედ გაიხეხოს კბილები.
ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ, ასწავლოთ თქვენს პატარას პირის ღრუს ჰიგიენის ძირითადი პრინციპები, ჩამოუყალიბოთ მას სწორი ყოველდღიური რუტინა და თავიდან ააცილოთ კარიესი თუ სხვა დაავადებები.
შეიძლება დაგაინტერესოთ: